Georgia

"ბავშვები ონლაინ სივრცეშიც უნდა დავიცვათ" - პორნოგრაფიაზე კანონი მკაცრდება

არასრულწლოვანი პირისათვის სექსუალური მიზნებისთვის შეხვედრის შეთავაზებაზე, ასევე პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება ან გასაღებაზე და პროცესში არასრულწლოვანის ჩართვაზე სასჯელი მკაცრდება. ჯარიმა უმეტეს შემთხვევაში ამოღებული იქნება და სასჯელის უმაღლეს ზომად განისაზღვრება უვადო პატიმრობა.

ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის.

პორნოგრაფიული ფოტო-ვიდეოს უკანონოდ დამზადება ან გასაღება

კანონპროექტით, პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

თუ ეს დანაშაული ჩადენილი იქნება არაერთგზის, სასჯელი იქნება - თავისუფლების აღკვეთა ვადით 4-დან 6 წლამდე.

წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა, ჩვენებაზე დასწრება ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა - დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 10 წლამდე.

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეთავაზება, იმპორტი, ექსპორტი, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფაზე სასჯელის სახით 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება. (ამ შემთხვევაში ჯარიმა აღარ განისაზღვრება და პატიმრობის ხანგრძლივობაც მნიშვნელოვნად იზრდება.)

არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან გასაღება- დაისჯება 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

თუ აღნიშნული დანაშაულები ჩადენილი იქნება არაერთგზის, დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ - სასჯელის სახედ განისაზღვრება 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა. ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება სასჯელის უმაღლესი ზომა.

აქვე განმარტებულია: არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები არის ნებისმიერი მეთოდით შექმნილი ვიზუალური ან აუდიოვიზუალური მასალა, აგრეთვე დადგმული წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია არასრულწლოვნის ან არასრულწლოვნის გამოსახულების მქონე პირის მონაწილეობა ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ან ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. პორნოგრაფიულად არ ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც აქვს სამედიცინო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან სახელოვნებო ღირებულება.

არასრულწლოვანის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებასა და გასაღებაში

არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული ნაწარმოების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადებაში, ასეთი მასალის გავრცელებაში, რეკლამირებაში ან მისით ვაჭრობაში, რაც არ არის დაკავშირებული ნამდვილ, სიმულირებულ ან კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გენერირებულ სექსუალურ სცენებში ამ არასრულწლოვნის მონაწილეობასთან − დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი: არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ; დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, − დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

არასრულწლოვანი პირისათვის შეხვედრის შეთავაზება სექსუალური მიზნებისთვის

სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება სექსუალური ხასიათის შეღწევის მიზნით, როდესაც შეთავაზებას მოჰყვება ასეთი ქმედებები - დამნაშავე დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 6 წლამდე.

სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თვრამეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირისათვის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შეხვედრის შეთავაზება, არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან გასაღების მიზნით, და როდესაც შეთავაზებას მოჰყვება ასეთი ქმედებები - სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 3-დან, 8 წლამდე.

კანონპროექტი ერთ-ერთმა ინიციატორმა, უმრავლესობის დეპუტატმა სოფო კილაძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.

"ჩვენი ბავშვების დიდი ნაწილი ზოგჯერ მთელ დღეებს ატარებენ ონლაინ სივრცეში. ეს ონლაინ სივრცე კი, რა თქმა უნდა სხვადასხვა ტიპის საფრთხეს შეიცავს, რასაც ხშირად ბავშვები ვერც აცნობიერებენ. სულ ორიოდე დღის წინ ვნახეთ საშინელი შემთხვევა, როდესაც 54 წლის კაცი 12 წლის ბავშვს გარყვნილი შინაარსის შემცველ მასალებს უგზავნიდა და რაღაც საშინელებებს სჩადიოდა. ბავშვები ძალიან ხშირად პედოფილების და სხვა ათასი კრიმინალის სამიზნეები არიან სწორედ ონლაინ სივრცეში. ჩვენ გვჭირდება ადეკვატური ზომები, რომ ონლაინ სივრცეშიც დავიცვათ ბავშვები ასეთი ტიპის დანაშაულისგან. ჩვენი შემოთავაზებაა, დასჯადად გავხადოთ ბავშვისთვის შეთავაზება პორნოგრაფიაში ან პროსტიტუციაში ჩართვის მიზნით, ონლაინ სივრცის გამოყენებით", - აღნიშნა სოფო კილაძემ.

სასჯელი მკაცრდება ასევე არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმაზე.


Football news:

Barcelona will lose 100 million euros due to the coronavirus. The club expected to make 200 million euros in profit
Police have opened a case against Ronaldo's 10-year-old son. He was self-driving a jet ski (The Sun)
Lampard on the cancellation of city's ban: I Never hoped that an extra team would get into the Champions League
Thibaut Courtois: to take the title, you have to suffer. It is not easy to win every match
Antonio Conte: I will not hesitate before leaving if Inter are not happy with what I am doing
Diego Godin: Inter will do everything to keep second place. Now we need to think about how to catch up with Juventus
Harry Maguire: Manchester United want to fight for trophies