Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

ილია დარჩიაშვილი - რეკომენდაციების მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ მყარად დგას - ცალსახად თქმა, რომ დეპოლარიზაციის პუნქტი შესრულებულია, ძალიან რთულია, რადგან ეს საკითხი საჭიროებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ყველა მონაწილის მხრიდან

ციფრებზე რომ არ ვისაუბროთ, მოგიწოდებთ, დაველოდოთ ოქტომბერს, როდესაც იქნება ანგარიში, სადაც წაიკითხავთ, რამდენი რეკომენდაცია შესრულდა - ჩვენ ვამბობთ, რომ რეკომენდაციების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მყარად დგას , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 12 პუნქტის მიმართულებით დიდი შრომა გაწია და შეასრულა ის ვალდებულებები, რომელიც აღებულია.

“საქართველოს ხელისუფლებამ გასწია უზარმაზარი შრომა, რათა საქართველოს 12 პუნქტი შეესრულებინა. ეს არის პროცესი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა გასწია, რათა თანმიმდევრულად განეხორციელებინა ყველა ის სამართლებრივი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას სჭირდება. ეს არ არის განყენებული, სტატიკური პროცესი. ზოგადად, საქართველოს ხელისუფლება გამოირჩევა იმით, რომ გვაქვს საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი რეფორმების, არა მხოლოდ 12 პუნქტის შესრულების, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. საქართველოს ხელისუფლება ბატონ ბორელს ხვდება საკმაოდ მყარად იმ კუთხით, რომ 12 პუნქტის მიმართულებით დიდი შრომა გავწიეთ და შევასრულეთ დღევანდელი გადასახედიდან ის ვალდებულებები, რომელიც აღებულია”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კითხვაზე, რამდენი ევრორეკომენდაციაა შესრულებული საქართველოს მიერ, დარჩიაშვილი კონკრეტულ ციფრს არ ასახელებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, “რომელმაც შესაბამისი გავლენა იქონია საქართველოს რეფორმების პროცესზე”.

“ციფრებზე რომ არ ვისაუბროთ, მოგიწოდებთ, დაველოდოთ ოქტომბერს, როდესაც იქნება ანგარიში, სადაც წაიკითხავთ, რამდენი რეკომენდაცია შესრულდა - ჩვენ ვამბობთ, რომ რეკომენდაციების მიმართულებით ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მყარად დგას. შევასრულეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც შესაბამისი გავლენა იქონია საქართველოს რეფორმების პროცესზე”, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილმა ერთ-ერთი ევრორეკომენდაცია - დეპოლარიზაცია დაასახელა და აღნიშნა, რომ ცალსახად თქმა, რომ ეს პუნქტი შესრულებულია, რთულია, “რადგან ეს არის საკითხი, რომელიც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ყველა მონაწილის მხრიდან საჭიროებს.

“როდესაც რეკომენდაციები მივიღეთ, მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ევროკავშირთან და ამას ვაგრძელებთ დღესაც. ბორელის დღეს ჩამოსვლაც, მინდა, აღიქვათ როგორც ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირიდან. ეს არის პოზიტიური სიგნალი იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის ძალიან პერსპექტიული. როდესაც რეკომენდაციების შესრულება-არ შესრულებაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პუნქტი არის დეპოლარიზაცია და ამის ცალსახად თქმა, რომ ეს პუნქტი შესრულებულია, ძალიან რთულია, რადგან ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ყველა მონაწილის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებას ბევრი ნაბიჯი აქვს გადადგმული, რათა დეპოლარიზაცია მოხდეს. არიან ამ პროცესის მონაწილეები, რომელთაც ეს არ სურთ. შესაბამისად, შესრულდა თუ არა, საკითხის ასე ფორმულირება რთულია. ამიტომ, გთხოვთ, რეკომენდაციების შესრულების რაოდენობრივ შესრულებაში არ შეხვიდეთ, შეაფასეთ კონტექსტურად”,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


interpressnews.ge