Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

ნინო ჩხობაძე - პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენს წინაშეა, ისევ და ისევ გამომდინარეობს გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილებიდან და ჩვენ აღმოვჩნდით მოუმზადებელი ასეთ სტიქიასთან ბრძოლისთვის

გურიაში დიდი ხანია დაკვირვება მიმდინარეობს სპეციალისტების მხრიდან და კლიმატის ცვლილების შედეგად კატასტროფული მდგომარეობაა, მეწყერსაშიში ზონები გააქტიურებულია და საშინელი მდგომარეობაა, - ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ნინო ჩხობაძის თქმით, პრობლემა, რომლის წინაშეც საქართველოა, გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარეობს.

„გარდა ამისა თურქეთში იყო ძალიან ძლიერი ნალექი და ეს ნალექი ციკლონის სახით მოედინება აქეთ. ფაქტია, რომ ისედაც მყიფე გეოლოგიურ მდგომარეობაში, რაც ძალიან პრობლემატურია, რა თქმა უნდა, წარმოიშვა წყალდიდობა და არის ძალიან სერიოზული მომენტი.

პრობლემა, რომელიც ახლა ჩვენს წინაშეა, ისევ და ისევ გამომდინარეობს გლობალური მასშტაბით კლიმატის ცვლილებიდან და ჩვენ აღმოვჩნდით საერთოდ მოუმზადებელი ასეთ სტიქიასთან ბრძოლისთვის“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ნინო ჩხობაძის განცხადებით, ყველგან, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს, რაღაც ტექნიკური დათვალიერებები უნდა მოხდეს, რადგან კლიმატის ცვლილებების ფონზე საფრთხეები გაზრდილია.

„ჩვენ თუ ერთხელ და სამუდამოდ ვერ დავიმახსოვრეთ, რომ ნაპირების პირველ ტერასაზე მშენებლობა უნდა აიკრძალოს დირექტიულად და მკაფიოდ, ჩვენ ვერასოდეს ვერ გავალთ ფონს. ფაქტობრივად ყველგან რაღაც ტექნიკური დათვალიერებები უნდა მოხდეს, სადაც ვიღაც რაღაცას აშენებს, აშენებდა ან ააშენა. შეიძლება დიდი ხნის წინ იყოს აშენებული, მაგრამ სიტუაცია ცვლადია და მოითხოვს გადახედვას იმიტომ, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე საფრთხეები იცვლება“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.


interpressnews.ge