Georgia

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი გადამალა

პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ. დააკავა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა.

ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.