Georgia

„უმძიმესი სისტემის შემქმნელი ციხიდან პიჯაკში გამოწყობილი გამოვიდა და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს“ – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური განცხადებები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მან ვერ შეიგრძნო, რატომ იყო დამნაშავე.

როგორც ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას სტანდარტით ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა პოლიტპატიმრები არიან, მაგრამ დეპუტატის თქმით, სამართლებრივი თვალსაზრისით, ისინი მძიმე დამნაშავეები არიან.

„პრობლემაა, რომ მძიმე წარსულის მქონე ადამიანები საზოგადოებას წარედგინებიან, როგორც ლიდერები. პრობლემაა, როცა ადამიანს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი, ციხის ღია კართან დგას და არავითარი სინანული, რიდი, ემოცია არ ეტყობა და აგრესიაზე გადმოდის, დამხობაზე საუბრობს. ვანო მერაბიშვილი საკუთარ ბალიშზე დაემხოს. ვანო მერაბიშვილს ვთავაზობ, საკუთარ ბალიშზე გამოიძინოს, მაგრამ ეტყობა, ვერ გამოიძინა და ვერ აღიქვა, რა იყო მისი მმართველობაში ყოფნისას რეალობა. იმ პერიოდში, როცა ამ ადამიანმა სასჯელაღსრულების სისტემაში მძიმე წარსული შექმნა, ყოველ ხუთ დღეში ციხიდან სამი გვამი გამოდიოდა და გვამებს გარეთაც დამატებით ითხოვდნენ. ამ სისტემის შემქმნელი ციხიდან გამოვიდა, პიჯაკში გამოწყობილი და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, თან ისეთ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, რაც შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვერ შეიგრძნო, რატომ იყო დამნაშავე”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.