Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

გიგა ბოკერია - ამ რეჟიმის პროდასავლური, ანუ პროქართული ხელისუფლებით შეცვლის გარეშე ჩვენ ვერაფერი გვიშველის, ვერც კანდიდატის სტატუსი

„ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიციის შიგნით კანდიდატის სტატუსზე არსებული დისკუსია საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია, „რადგან ის ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარს წარმოადგენს“.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მოწოდებაა, რომ ამ ხელისუფლების პროდასავლური, ანუ პროქართული ხელისუფლებით შეცვლის გარეშე, „ვერაფერი გვიშველის, ვერც კანდიდატის სტატუსი“.

„ოპოზიციის დისკუსიას ვადევნებდი თვალ-ყურს და ეს დისკუსია, ჩემი აზრით, საზიანოა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, იმიტომ, რომ ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარს წარმოადგენს. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია თავიდანვე იყო ძალიან მკაფიო, განსხვავებით ოპოზიციის დიდი ნაწილისგან.

ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის არჩევანი და პოზიციაა, რომ ჩვენ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა ვისარგებლოთ იმ ისტორიული შესაძლებლობით, რომელიც იხსნება. ასევე, მთელი ოპოზიცია ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება ამ ამოცანით არ ხელმძღვანელობს. ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი ამოცანა აქვს - ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, ქვეყნის ინტერესების ღალატის ფასადაც კი. ნატო-ში გაწევრიანებას, ევროკავშირთან დაახლოებას, ამერიკასთან თანამშრომლობას სჭირდება მთავრობა, რომელსაც ეს ამოცანა გააჩნია. დღეს, ჩვენ, ასეთი მთავრობა არ გვყავს“,- აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ამოცანა სტატუსი კი არა, არამედ ევროკავშირის წევრობა უნდა იყოს.

„კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, მაგრამ მხოლოდ ინსტრუმენტი. ამოცანა კანდიდატობა კი არა წევრობაა. ამ ინსტრუმენტის გამოყენებას სჭირდება მთავრობა, რომელსაც ამისი ამოცანა გააჩნია. გვყავს ჩვენ მთავრობა, რომელიც ამ ინსტრუმენტს ისტორიული ამოცანისთვის - დასავლეთი დაბრუნებისთვის, გამოიყენებს? არ გვყავს! ჩვენ ამ ცრუ დილემის მახეში არ უნდა აღმოვჩენილიყავით. სამწუხაროდ, მედიის, ოპოზიციის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მახეშია, იმ პროპაგანდის შედეგად, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებდა ჩვენ წინააღმდეგ. ეს მოსალოდნელიც იყო.

„ევროპული საქართველოს“ მოწოდებაა, რომ უნდა ვიყოთ მკაფიოები - ამ რეჟიმის პროდასავლური, ანუ პროქართული ხელისუფლებით შეცვლის გარეშე ჩვენ ვერაფერი გვიშველის, ვერც კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, თუკი საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს არ არის ტრაგიკული, რადგან 2024 წლის არჩევნების დროს ხელისუფლება შეიცვლება, მაშინ საქართველო კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს.

„საზოგადოება უნდა მოვამზადოთ იმისათვის, რომ თუკი კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, საზოგადოების ნაწილიც კი არ მოტყუვდეს იმით, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამოცვლა არ არის აუცილებლობა. თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის ტრაგიკული, თუ ჩვენ შემდეგი არჩევნების დროს შევცვლით ხელისუფლებას, მაშინ კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და გაწევრიანების პროცესსაც დავიწყებთ. ასევე ნატო-ში გაწევრიანების პროცესს, რეალურად დავუახლოვდებით.

არგუმენტი, რომ პუტინისტური რეჟიმის პირობებშიც კი კანდიდატის სტატუსი რაიმესგან გიცავს, სრული აბსურდია. კანდიდატის სტატუსი არ არის ნატოს წევრობა. ზოგადად ნატოს წევრობის შემთხვევაშიც კი თუ მთავრობა არ გყავს, რომელსაც ქვეყნის დაცვა უნდა, მარტო ეგ არ გიშველის, მაგრამ ავტომატურად გეხმარება ის საფრთხეებისგან დაცვაში. ევროკავშირის კანდიდატობა ასეთი ვერ არის. ამიტომ ვინც ამ არგუმენტს გვეუბნება ან თავს იტყუებს, ან საზოგადოებას ატყუებს“, - აღნიშნა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მოსაზრება, რომ თითქოს გეოპოლიტიკური ფანჯარა ამ არჩევნების შემდეგ, შეიძლება დაიხუროს, შეცდომაა.

„კანდიდატის სტატუსი არ არის ევროკავშირის ვალდებულება, რომ შემდეგ აუცილებლად მიგიღოს და ფანჯარა ყველა მონაცემით, რაც გვაქვს, ეს დღეს არ დაიხურება და თუ დაიხურებოდა უბრალოდ სტატუსი ვერაფერს გვიშველიდა. ამიტომ ჩვენს გზავნილს გავიმეორებ, ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან, რაც ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული გამოცვლითაა შესაძლებელი და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენი ისტორიული მისიის შესრულებას”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.