Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

მამუკა ჩარკვიანს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

მუსიკოსი, კომპოზიტორი მამუკა ჩარკვიანი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

68 წლის მამუკა ჩარკვიანს ჯილდო თბილისის მერმა კახა კალაძემ გადასცა.

მამუკა ჩარკვიანმა 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977-79 წლებში მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1979-82 წლებში იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის II მდივანი; 1982-92 წლებში — გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტი. 1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა.

მამუკა ჩარკვიანი არის თვითნასწავლი, თვითმყოფადი მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი. მან ბავშვობის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა სხვადასხვა ინსტრუმენტებზე (გიტარა, როიალი) დაკვრა. ის ბევრი სიმღერის ავტორს წარმოადგენს, რომელთა უმეტესობა გაჰიტდა. მამუკა ჩარკვიანის სიმღერებს ხშირად ასრულებენ სხვადასხვა თაობის მომღერლები.

2000 წელს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა ღირსების ორდენით; 2000 წლის ფესტივალზე „წლის სიმღერა“ დაჯილდოვდა „ოქროს დისკით“; 2000 წელს სტუდენტურ ფესტივალზე „სტუდენტთა საერთაშორისო დღე“ დაჯილდოვდა დიპლომით — „ქართულ საესტრადო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის“; ფესტივალი „ლიგა-1996“ ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერა“; ფესტივალი „წლის სიმღერა — 2000“ წლის საუკეთესო შემსრულებელი, სიმღერებისათვის: — „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“; „დედისჯერი“; 2001 წელს წლის საუკეთესო მუსიკის ავტორი და საუკეთესო შემსრულებელი სიმღერისათვის: — „და...გტოვებ მარტო“; 2002 წელს წლის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი სიმღერისათვის „ოცნებების ქარავანი“ და ჟიურის სპეციალური ნომინაცია „ქართული ტრადიციული სიმღერის საუკეთესო ავტორ-შემსრულებელი“; დაჯილდოებულია: მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზ-ფესტივალის სპეციალური პრიზით: სიმღერებისათვის: „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“; 2006 წელს ფესტივალზე „წლის სიმღერა“ — სიმღერის ავტორი — სიმღერისათვის „ჩემი თბილისი“; 2014 წელს „შანსონის“ ფესტივალზე „წლის შანსონიე“. 2014 წელს თბილისის საკონცერტო დარბაზთან გახსნილია მამუკა ჩარკვიანის სახელობის ვარსკვლავი; 2018 წელს ფესტივალი „ოქროს ტალღა“ნომინაცია — წლის საუკეთესო სიმღერა „შენ რომ დიდი იქნები“ (ირმა გიგანს); მამუკა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის „საპატიო უნივერსიტეტელის ტიტულით“.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი.

ipress.ge