Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს

მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.

„აღნიშნული განცხადების თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მისი ფარგლების გარეთ მოქმედი პირების გარკვეული ჯგუფი 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავს. იმავე განცხადების მიხედვით, აღნიშნული პირების მიერ დაგეგმილია, მათ შორის, ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სახელმწიფო ორგანოთა შენობების დაკავება და ბლოკირება. ამასთანავე, მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ე. წ. კარვების ქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება. აღნიშნული საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების სათანადო ორგანოები ვალდებული არიან, გაატარონ ყველა გონივრული ღონისძიება ზემოხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად“, - ვკითხულობთ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე „ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.

პროექტი პარლამენტის ბიუროს 2 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.


interpressnews.ge