Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

სუს-ში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი გამოკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში მათი გამოკითხვა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი. სუს-ის ინფორმაციითვე, რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.


interpressnews.ge