Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

შალვა პაპუაშვილი ირლანდიაში ვიზიტზე: ათამდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა საუბარი, ყველა კოლეგის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ საქართველოს დეკემბერში სტატუსი მიენიჭოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ირლანდიაში ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაფასა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში ათამდე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.

„ყველა კოლეგის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ საქართველოს დეკემბერში სტატუსი მიენიჭოს. თავად კონფერენციაზეც იყო მნიშვნელოვან თემებზე საუბარი როგორც უკრაინის მხარდაჭერის მხრივ და უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღმშენებლობის ფორმატთან დაკავშირებით, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც დღეს დემოკრატიებს აქვთ მთელ მსოფლიოში. კერძოდ, დეზინფორმაციის პრობლემებზე, რაც თანამედროვე დემოკრატიებს ახალ გამოწვევებს უქმნის. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამას შეეწინააღმდეგონ სახელმწიფოები იმისთვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიებით არ მოხდეს. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი კოლეგების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა გვაქვს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გადაწყვეტილება კონსესუსით მიიღება.

აქ ევროკავშირის ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ერთ ქვეყანასაც შეუძლია რაღაც გადაწყვეტილებები დაბლოკოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს უპირობო მხარდამჭერები არიან, იყვნენ განსაკუთრებით ხმამაღალი ამ მხარდაჭერაში, რათა იმ შემთხვევაში თუ სკეპტიკოსები გამოჩნდებიან და სამწუხაროდ ამას ვხედავთ ხოლმე სხვადასხვა განცხადებებით, ამ სკეპტიკოსებმა საკუთარი პოზიციები ვერ გაიტანონ. ჩვენ ვაკვირდებით, რომ პირდაპირ პროპორციულია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური დამოკიდებულება იმის, თუ რამდენად მეგობარია ვიღაც მიხეილ სააკაშვილის. ამ სურათის ხილვა ძალიან სამწუხაროა ხოლმე, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური წრეების განცხადებებში გვხვდება. ამ შემთხვევაში საქართველოს მეგობრებმა უნდა გაიმარჯვონ და ქართველმა ხალხმა მიიღოს ის დამსახურებული წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ჩვენ არა მხოლოდ ეს წელიწად-ნახევარი, არამედ მთელი დამოუკიდებლობის შემდეგ ბრძოლით, სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობით და ჩვენი ქვეყნის იმ პოზიციებზე გაყვანით ვიმსახურებთ, რითაც ბევრი რეიტინგით ვუსწრებთ ყველა კანდიდატ და რიგ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებსაც“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


imedinews.ge