Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

ქეთი ჭანტურია: დიმიტრი უზნაძემ ფსიქოლოგიაში ნამდვილად გახსნა ხიდი ევროპასთან

30 სექტემბერს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იხსნება დროებითი გამოფენა, რომელიც ეძღვნება ქართველ ფსიქოლოგს, ფილოსოფოსს, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელს – დიმიტრი უზნაძეს. გამოფენისა და კონცეფციის იდეის ავტორი გახლავთ ლონდონის ქინგს კოლეჯის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი, ევროპის აკადემიის არჩეული წევრი, დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი – ქეთი ჭანტურია.

News.ge-მ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქეთი ჭანტურიას რამდენიმე კითხვით მიმართა.

ნინო ჩხეიძე: ქეთი, რამ განაპირობა დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის იდეა?

ქეთი ჭანტურია: დიმიტრი უზნაძე დიდი მეცნიერი და მოღვაწე იყო. ჩემთვის დიმიტრი უზნაძე დიდი ევროპელი ქართველია რომელმაც ფასდაუდებელი საქმეები აკეთა თავის ქვეყნისთვის: შემოიტანა და დანერგა ფსიქოლოგია საქართველოში ზუსტად იმ დროს როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა ევროპასა და ამერიკაში, საფუძველი ჩაუყარა პედაგოგიკას, გახსნა პირველი ქალთა სკოლა ქუთაისში, დაწერა პირველი ქართული სახელმძღვანელო ისტორიაში, ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის და პედაგოგიკის ინსტიტუტების დამაარსებელი იყო მარტო ეს მცირე ჩამონათვალი საკმარისია.

ნინო ჩხეიძე: როგორ ფიქრობთ, დიმიტრი უზნაძის, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ფსიქოლოგის, მოღვაწეობა სათანადოდ არის შეფასებული?

ქეთი ჭანტურია: დავაფასეთ? არა მგონია. ამჟამად გადმოსვენებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. მისი მუზეუმი არ არსებობს, მის სოფელში (საქარა) არავითარი ნიშან წყალი ასეთი მოღვაწის შესახებ.

შარშან ქუთაისში მოვხვდი ევროპის აკადემიის გასვლით კონფერენციაზე და პირველივე კითხვა რაც ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში შესვლისას გამიჩნდა იყო: დიმიტრი უზნაძის შესახებ რისი ნახვა შეიძლება თქვენთან? საბედნიეროდ ეს კითხვა ისეთ ადამიანს დავუსვი ვინც სწორად შეაფასა ამ კითხვის მნიშვნელობა და ზუსტად ის პასუხი გამცა რაც ჭირდებოდა ამ პროექტს. ნონა ქარციძე ქუთაისის ისტორიის მუზეუმის დირექტორის მოადგილე პოზიტიური, ენერგიული, თავისი ქალაქის მოყვარული არაჩვეულებრივი ქალბატონი შეწუხდა და მიპასუხა არაფერი არ მახსენდება ჩვენი არქივებიდან მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება და რა ვქნათ როგორ ვუშველოთ ამ საქმესო? ჩვენი დიდი ქართველების ხსოვნა, ისტორიის შემონახვა, ასეთი მამულიშვილების დაფასება და გახსენება ბევრი თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ისე როგორც არასდროს…

ნონას გარეშე ამ პროექტს ვერ განვახორციელებდით. ძალიან დიდი მადლობა მას და მის არაჩვეულებრივ გუნდს.

ნინო ჩხეიძე: აღნიშნული ღონისძიებისათვის რატომ შეარჩიეთ ქუთაისი? რთული იყო იმ მასალების თავმოყრა, რომელსაც საზოგადოება 30 სექტემბერს იხილავს? გამოფენაზე ხომ არ იქნება წარმოდგენილი უზნაძის შემოქმედების ისეთი ნიმუშები, რომელთაც მეცნიერი ვერ გამოაქვეყნებდა საბჭოთა პერიოდში?

ქეთი ჭანტურია: ქუთაისის გამოფენა რამდენიმე კონტექსტით იქნება საინტერესო:

1) ეს პირველი სერიოზული გამოფენაა იმ ქალაქში სადაც ისწავლა და სადაც პირველად ჩამოიტანა ევროპული განათლება.

2) ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს ამ გამოფენის შემდეგ დარჩება დიმიტრი უზნაძის არქივი, რომელიც გამოფენის შედეგად გაიხსნება იმ იმედით რომ შესაძლებელია აღმოჩნდეს არტეფაქტები და დაინტერესებულ მკვლევარებს შესაძლებლობა შეექმნათ იკვლიონ მისი მემკვიდრეობა;

3) გამოფენის მომზადების პროცესში ჩვენდა სასიხარულოთ დიმიტრი უზნაძის ოჯახი აქტიურად და დიდი გულისხმიერებით ჩაერთო დიდი მადლობა შვილთაშვილებს ნინო და ირინე შიშნიაშვილებს და შვილთაშვილის შვილს სალომე ინაძეს.

ნინომ გადმოგვცა უნიკალური წერილები, რომლებიც აქამდე ოჯახის არქივში ინახებოდა და დღეს საჯარო ბიბლიოთეკის ციფრულ მატეანეშია დაცული. რამდენიმე მათგანს გამოფენაზეც წარმოვადგენთ (მაგალითად კონსტანტინე გამსახურდიას წერილები დიმიტრი უზნაძეს, მისი არაჩვეულებრივი მოწაფეების ქეთევან მდივანის, ნინო ელიავას, შალვა ჩხარტიშვილის, ერეკლე აბაშიძის მიმოწერა სადაც ასახულია როგორ ავიწროვებდა ქართულ განწყობის თეორიას მოსკოვის ფსიქოლოგიური ნომენკლატურული “ელიტა”.

ნინო ჩხეძე: ისწავლება თუ არა ევროპის უნივერსიტეტებსა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე უზნაძის განწყობის თეორია?

ქეთი ჭანტურია: სამწუხაროდ საბჭოთა წნეხის ქვეშ განწყობის თეორიის თარგმნა დროულად არ მოხდა, მხოლოდ 1966 წელს გამოიცა ამ თეორიის ინგლისური თარგმანი რომელიც ფაქტობრივად თარგმანის თარგმანი იყო რუსულიდან, მაგრამ მე ვფიქრობ ყველაფერს ეშველება სანამ ჩვენ ქვეყანას ეყოლება ისეთი ხალხი როგორიც თვითონ დიმიტრი უზნაძე იყო, ამიტომ გავიხსენოთ ეს ხალხი, დავაფასოთ და ვუთხრათ ჩვენ შვილებს როგორი ტრადიციები და ფასეულობები გვქონდა. დღეს უფრო დიდი შესაძლებლობები გვაქვს და გამოვიყენოთ მაგალითად ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა ქართველო ფსიქოლოგებო, უკეთესი ინფორმაციული სივრცე შევუქმნათ დიმიტრი უზნაძის და მისი სკოლის მემკვიდრეობას….

ძალიან მიხარია რომ ამ გამოფენამ ქუთაისში უკვე რამდენიმე არაჩვეულებრივ რამეს მისცა ბიძგი –  30 სექტემბერს გაიხსნება დიმიტრი უზნაძის მონუმენტი ქუთაისის უნივერსიტეტის ეზოში, მის სკოლაში გაიხსნება დიმიტრი უზნაძის სახელობის კაბინეტი და ეს ყველაფერი 4 საათზე 30 სექტემბერს გამოფენის გახსნით დაგვირგვინდება. ბევრ სტუმარს ველოდებით. მიხარია რომ თბილისიდან ბევრი გულშემატკივარი ჩამოდის.

ქუთაისი უზნაძის გამოფენით იწყებს ევროპის კვირეულს. როგორი სიმბოლურია არა? უზნაძემ ფსიქოლოგიაში ნამდვილად გახსნა ხიდი ევროპასთან და ჩვენ ყველას ჩვენი საქმიანობით შეგვიძლია ეს ხიდი გავამტკიცოთ. ამის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა ჩვენმა დიდმა მასწავლებელმა და ეს გზა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ გვინდა ევროპა, გვჭირდება ევროპული ხედვა და მე მიხარია და ვამაყობ რომ ქართველი წარმატებული ფსიქოლოგი ვარ დიდ ბრიტანეთში ერთერთ სახელგანთქმულ კოლეჯში სადაც შეძლებისდაგვარად ვცდილობ გავიტანო განწყობის თეორიაში ჩამოყალიბებული იდეები.

ირინა შიშნიაშვილი ( დიმიტრი უზნაძის მე5 თაობა), ქეთი ჭანტურია  და ნონა ქარციძე