Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

“ყველას, ვინც ნახა და მოეწონა, ან არ მოეწონა „იარე ლიზა“:

ფილმზე მუშაობისას ვფიქრობდი, რომ „იარე ლიზა“ კამათს, აზრთა სხვადასხვაობას, ხმაურს გამოიწვევდა. სწორედ ეს არის ამ ფილმის მისია – მივიწყებული და ანესთეზირებული ტკივილის გაღვიძება, ფიქრი, კამათი და გამოსავლის ერთად(!) ძიება.

30 წელი გავიდა და უზარმაზარი დუმილის და უნდობლობის კედელი აღიმართა ჩვენსა და აფხაზებს შორის.

თანდათან გახუნდა ბანერები “გახსოვდეს აფხაზეთი“.

სცენარზე მუშაობისას ჩვენი მოგზაურობა წარსულში ძალიან მტკივნეული იყო:

გმირობა და ღალატი, პატრიოტიზმი და დანაშაული – ორივე მხრიდან…

ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია მომხდარის გაანალიზება და არ უნდა შევუშინდეთ საკუთარ შეცდომებს, საკუთარი თავის შეფასებას, პირველი ნაბიჯის გადადგმას და ბოდიშის მოხდას. სხვანაირად ჩვენ, როგორც ერი, ქვეყანა, სახელმწიფო ვერ განვაგრძობთ ცხოვრებას, ეს დუმილი უკან დაგვწევს, წინსვლის საშუალებას არ მოგვცემს… ჩვენ ჩვენი უნდა ვთქვათ და მაშინ შეიძლება აფხაზებსაც ეყოთ გამბედაობა, თავისი თქვან.

„იარე ლიზამ“ ახალი სიმძაფრე შესძინა აფხაზეთის თემას – აღმოჩნდა, რომ ის ყველას აწუხებს, თუმცა რეალური გააზრება, გეგმა ამ თემის გადაწყვეტისა არავის აქვს: არც ხელოვანს, არც პოლიტიკოსს.

2011 წელს დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა და პარალელურად ფინანსების მოძიება. ასე ეტაპობრივად ფინანსდებოდა ეს პროექტი 2021 წლამდე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციას, რომელიც გვერდში ამომიდგა.

მგონია, ფილმის მთავარი იდეა სწორედ ეს არის: გვერდზე გადავდოთ ჩვენი ეგო, გავიაზროთ ჩვენ ჩვენი ტკივილები, შევაფასოთ და ერთად დავიწყოთ ფიქრი, როგორ შევხვდეთ აფხაზებს, რომლებთანაც საუკუნეების განმავლობაში ნათესაობა და პატივისცემა გვაკავშირებდა.

რუსეთიც ხომ უკვე ალბათ მალე დატოვებს აქაურობას…” – წერს კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე სოციალურ ქსელში.