Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

პრემიერი: მინდა გაკვირვება გამოვხატო, რატომ დაასანქცირეს ფარცხალაძე, აუხსნელია ჩემთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „გაუგებარი და აუხსნელია“, რატომ დაასანქცირა აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამისთვის საჭიროა მტკიცებულებები.

„მე გეტყვით ჩემ აზრს, ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა დატოვა საჯარო სამსახური, 10 წელი. გაუგებარია, პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო, ზოგადად რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემთვის. მე ამის თაობაზე, ღიად ვამბობ, ვაფიქსირებ ჩემ აზრს – ნათქვამია, რომ „ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან უპასუხა შეკითხვას, თვლის თუ არა, რომ ოთარ ფარცახლაძე არის რუსეთის აგენტი.

„საერთოდ, იცით, რა არის? გეტყვით შემდეგ რაღაცას, ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და მე ერთი რამ მინდა, განმასხვავებელი გითხრათ – ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ის ჩემ თვალში არის მოღალატე, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება. ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი. ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ეროვნული ბანკის მიერ ფარცხალაძის მიმართ განხორციელებულ საგამონაკლისო ქმედებაზე.

„ფარცხალაძეზე არ იყო, აქ იყო საუბარი მოქალაქეზე. ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა მას მტკიცებულება პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა!“.

„რა თქმა უნდა! აბა, მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება?! მე ახლა, ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ, არც სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე, გუნდის ყოფილ წევრზე და 10 წლის წინ პროკურორი იყო, ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ, აუცილებელია, რომ ჩვენ ასე ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება. გასაგებია, ჩვენი პარტნიორის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მათთან გვაქვს ეს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი, რაც მინდა ჩემი წუხილი გამოვხატო, ჩემი გაკვირვება რაც არის, არასდროს მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ, აშშ-ს არცერთ სამსახურს, მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, მე მგონი, ეს დასამალი არ არის, ყველამ იცის. როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი? ეთანხმებით ახლა მაგ შეფასებას? რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე? კაცი წასულია ხელისუფლებიდან, 10 წელზე მეტია აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია, მაგრამ იმ პოლიტიკური ძალის განცხადებები, რომელთა ლიდერები დღესაც რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგალითად, ბატონი კობა ნაყოფია, პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი, რუსეთის მოქალაქე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ომის შემდეგაც რომ არ დაუტოვებია რუსეთის მოქალაქეობა. თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, ვისზე გაქვთ სალაპარაკო. როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს. ქალბატონი ია გულიაშვილი [მთავარი არხის ჟურნალისტი], რომ ყოფილიყო დასანქცირებული ასევე დაგიცავდით თქვენ. აი, ხვალ რომ დაგასანქცირონ თქვენ, ასევე დაგიცავთ. მტკიცებულებები აუცილებელია”, – განაცხადა ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.