Georgia
This article was added by the user . TheWorldNews is not responsible for the content of the platform.

სერგეი ლავროვი: ქართველები ძალიან გვიყვარს, ნამდვილად გვიყვარს

„ჩვენ ქართველები ძალიან გვიყვარს, ნამდვილად გვიყვარს, არასოდეს გვქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, ისევე როგორც ამიერკავკასიის ყველა ხალხის მიმართ. რუსეთის, საბჭოთა კავშირის, ჩვენი ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სააგენტო „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვის თქმით, როდესაც მოსკოვში დაინახეს, რომ საქართველოს დღევანდელ მთავრობას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რუსეთმა მიაღწია შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან და აღდგა პირდაპირი ავიარეისები, ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმი.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო უბრალო ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც სურთ მიმოსვლა, ტურისტული მოგზაურობა, ბიზნესის წარმოება. რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩასვლა უკვე დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელი იყო ვიზების გარეშე. ამ გადაწყვეტილებამ ეს კავშირები ბევრად უფრო კომფორტული გახადა. იზრდება ავიარეისების რაოდენობა, მათი გეოგრაფია, იზრდება ტვირთბრუნვა. რუსეთში ძალზე პოპულარულია ტრადიციული ქართული საქონელი – ღვინო, ბორჯომი და სხვა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის თქმით, თავის დროზე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა იყო.

“სააკაშვილმა აშშ-ის წაქეზებით ხელი აღმართა ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარ მოქალაქეებს უწოდებდა, ასევე თავს დაესხა სამშვიდობო ძალებს და სათანადო პასუხის მიღების შემდეგ მან პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსირება ანტირუსული ქმედებებით სცადა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა