Georgia

არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმაზე სასჯელი მკაცრდება - იქნება უვადო პატიმრობაც

არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმაზე სასჯელი მკაცრდება. ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა სოფო კილაძემ ცვლილებათა პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე წარადგინა.

პროექტის თანახმად, ბავშვების პროსტიტუციაში ჩაბმაზე სასჯელის სახით ჯარიმა აღარ გამოიყენება და ის მხოლოდ სისხლის სამართლებრივად იქნება დასჯადი.

"სამწუხაროდ, ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც ბავშვების ჩაბმა ხდება პროსტიტუციაში, ეს შეიძლება იყოს ძალადობრივი, ან არაძალადობრივი, მაგრამ ორვე შემთხვევაში დაუშვებელია ჩვენ ვისაუბროთ ჯარიმაზე, რაც მიმდინარე კანონმდებლობით არის გათვალისწინებული - ადამიანი, ვინც ბავშვს პროსტიტუციაში ჩართავს შეიძლება გამოვიდეს ჯარიმით, რაც ჩვენს არსებულ კანონმდებლობაშია. რა თქმა უნდა ეს დაუშვებელია. ასეთმა ადამიანმა შესაბამისი სასჯელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - აღნიშნა სოფო კილაძემ.

კანონპროექტის მიხედვით, არასრულწლოვანის პროსტიტუციაში ჩაბმაზე არსებული სისხლის სამართლებრივი სასჯელიც მკაცრდება.

კერძოდ, პროსტიტუციაში ჩაბმა ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, სასჯელი ჯარიმის და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად იქნება 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით ან ძალადობის მუქარით დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება და სასჯელის სახედ განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 4-დან 10 წლამდე.

თუ ეს დანაშაული ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ; არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ; დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, სასჯელის სახედ განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 8-დან 13 წლამდე.

თუ პროსტიტუციაში ჩაბმა იქნება ძალადობით ან ძალადობის მუქარით დამამძიმებელ გარემოებაში, მათ შორის, თუ არასრულწლოვანის შემთხვევაში დამნაშავის, მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, დამნაშავე 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

თუ დამამძიმებელი გარემოებები სახეზეა და არასრულწლოვანია მსხვერპლი, აქ უკვე სასჯელის უმაღლესი სანქციაა გათვალისწინებული - 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღვეთა, ან უვადო პატიმრობა.

"ის ადამიანები, ვინც ასეთ დანაშაულს ჩადის და ამახინჯებს ბავშვის ცხოვრებას, რაც შეიძლება ხანგრძლივად უნდა იყვნენ იზოლირებული საზოგადოებისგან, რადგან დავიცვათ კონკრეტული მსხვერპლი, ასევე სხვა პოტენციური მსხვერპლებიც, იმიტომ, რომ პრაქტიკაში დადგენილია, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებს, პედოფილიას ეხება ეს თუ ბავშვის ჩართვას პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში, ასეთ შემთხვევებს ახასიათებს რეციდივი. არაერთი შემთხვევა გვქონია, რომ ადამიანს მოუხდია სასჯელი, გამოსულა და კიდევ სხვა ბავშვი ყოფილა ასეთი ადამიანის მსხვერპლი", - აღნიშნა სოფო კილაძემ.

მაღალი სანქციებია გათვალისწინებული პროსტიტუციის ხელშეწყობაზეც.

პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, ან პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა - თუ ეს დანაშაული ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; არაერთგზის; დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ - სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა განისაზღვრება.

თუ ეს დანაშაული ჩადენილი იქნება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დამნაშავე დაისჯება ვადით 7-დან 12 წლამდე. ხოლო, 14 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, სასჯელის სახედ 12-დან 20 წლამდე პატიმრობა განისაზღვრება.

Football news:

In Romania, the 19-year-old goalkeeper hit two penalties, but both times the referee asked to Interrupt. The Keeper threw a fit and left
Solskjaer on De Gea: He won the Premier League, the FA Cup, the Europa League, the League Cup, but it's not enough
Vidal scored 8 goals with 23 shots on target. He has the highest percentage in La Liga
Jorge Valdano: Barcelona is not a title contender now. Messi can't do everything
Joaquin on the 550th game in La Liga: Proud to be caught up with the legend Raul
Bartomeu on Neymar: I don't think PSG will put anyone on the market
Кад Cadiz returned to La Liga after 14 years